Sunday, 31 October 2021

საიდუმლო საზოგადოება "ტულე"


1918 წელს მიუნჰენში შეიქმნა ოკულტურ-პოლიტიკური საზოგადოება ტულე, რომლის მიზანი გერმანული სიძველეების შესწავლა გახლდათ. სწორედ მას უკავშირდება მესამე რაიხის იდეოლოგიის საწყისი. ამ საზოგადოებასთან დაკავშირებულმა პირებმა შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი გერმანიის მუშათა პარტიის შექმნაში, რომელიც შემდეგ იქცა გერმანიის ნაციონალ-სოციალისტურ მუშათა პარტიად. ნაცისტთა მისალმება ზიგ ჰაილ პირველად გამოიყენეს საზოგადოება ტულეში. ტულე თავდაპირველად ცნობილი იყო როგორც გერმანული ორდენი.

სახელწოდება ტულე დაკავშირებულია ბერძნული ლეგენდებიდან ცნობილ მითიურ ჩრდილოეთის ქვეყანასთან ჰიპორბორეა. ნაცისტი მისტიკოსების აზრით, ტულე იყო ჰიპორბორეის დედაქალაქი, რომელიც მდებარეობდა უკიდურეს ჩრდილოეთში. 
არსებობს ვერსია რომლის მიხედვით, სახელწოდება ტულე უკავშირდება გვიდო ფონ ლისტს-ავსტრიელი პოეტი, რუნოლოგი და ოკულტისტი, რომელმაც სერიოზული გავლენა იქონია ნაცისტურ ოკულტიზმზე. ფონ ლისტმა გამოაქვეყნა წიგნი "ინდო-გერმანელთა მისტერიული ენა". წიგნში ავტორი ამტკიცებდა, რომ გერმანულ ტრადიციაში აღმოაჩინა წინაპართა სულიერების კვალი, რომლებიც ცხოვრობდნენ არქტოგეაში რომლის დედაქალაქი იყო ტულე.

ტულეს წევრებს სწამდათ, რომ ძველი კონტინენტი ჰიპერბორეა დასახლებული იყო არიელთა წინაპარი უცხო პლანეტელებით. ჩრდილოეთის ზღვაში მდებარე ჰიპერბორეა გამყინვარების ხანის ბოლოსთვის ჩაიძირა. ტულეს წერილობითი ტექსტების მიხედვით, ჰიპორბორეელები გოლიათური აღნაგობის, ტექნიკურად განვითარებულები იყვნენ, დაფრინავდნენ ხომალდებით, რომელსაც ჩვენ მფრინავ თეფშებს ვუწოდებთ. ამ კულტურის კვალი თითქოს მთელ ევრაზიაში იყო შემორჩენილი, მათ შორის პალესტინაში, ებრაელების იქ მისვლამდე. მათზე როგორც "ღმერთების რასაზე"მინიშნებაა ბიბლიაში. ტულეს წევრები დიდი მონდომებით ცდილობდნენ არიული რასის საწყისის მოძიებას.

მათი კვლევის მთავარი თემა იყო არიული რასის წარმოშობა. საზოგადოების წევრებს სწამდათ, რომ არიელები უმაღლეს რასას მიეკუთვნებოდნენ. მითის მიხედვით, ტულეს მოსახლეობა  არიელთა შთამომავლები იყვნენ, რომლებიც გადაურჩნენ ატლანტიდის დაღუპვას. გერმანელები კი იყვნენ არიელთა შთამომავლები. სწამდათ, რომ არიელები საიდუმლო ცოდნას ფლობდნენ, რომლის გადმოღება შესაძლებელი იყო მაგიური რიტუალების საშუალებით. საზოგადოების წევრები იყვნენ მედიუმები, ასტროლოგები, მაგები, მეცნიერები და პარანორმალური უნარის მქონე ადამიანები.

ტულეს დამფუძნებელი გახლდათ რუდოლფ ზებოტენდორფი. ის გატაცებული იყო ოკულტიზმით, აგროვებდა ალქიმიურ ტექსტებს დაინტერესებული იყო რუნებით.  1916 წელს გაწევრინდა გერმანულ ორდენში, სადაც გაიცნო ორდენის ხელმძღვანელი ჰერმან პოლი. აღმოჩნდა, რომ ორივეს რუნებისადმი საერთო ინტერესი ჰქონდა. პოლმა აუხსნა ზებოტენდორფს, რომ  მისი რუნებით დაინტერესება გვიდო ფონ ლისტის დამსახურება იყო, ხოლო არიელთაგან რუნების მაგიურ ძალაზე ცოდნის დაკარგვა დაკავშირებული იყო რასობრივი სიწმინდის დარღვევასთან, განსაკუთრებით ებრაელებთან შეჯვარებით. მას მიაჩნდა, რომ რასის სიწმინდის დაცვა შესაძლებელი  იქნებოდა მისი უცხო გავლენებისგან გაწმენდის გზით.

რუდოლფ ზებოტენდორფი მარჯვნივ

გერმანული ორდენის, როგორც ანტისემიტური ორგანიზაციის, მთავარი ამოცანა ებრაელების წინააღმდეგ ბრძოლა გახლდათ. ამიტომ მათგან გამოყოფის შემდეგ ტულეც ანტისემიტურ ორგანიზაციად იქცა. ორთავე არიოსოფიის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, ამიტომ წევრებად იღებდნენ მხოლოდ გერმანული წარმოშობის ქალებსა და მამაკაცებს.

ზებოტენდორფი ამ ორდენის ბავარიის განყოფილების ხელმძღვანელად დაინიშნა, რომლის წევრების რაოდენობა დღითიდღე იზრდებოდა. მალევე ზებოტენდორფმა და გერინგმა მოამზადეს ხელდასმის რიტუალი, სადაც გერინგმა ისაუბრა გერმანულ მითოლოგიაზე. გერინგის ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ იმ დროიდან შეხვედრები გახშირდა, წევრები იკრიბებოდნენ კვირაში ერთხელ. ორდენმა მიიღო ტულეს სახელწოდება. ოთახები მორთეს ტულეს ემბლემით. ზებოტენდორფი ცდილობდა ტულეს იდეოლოგია გაევრცელებინა მუშათა კლასში. ამ ამოცანის აღსრულება დაევალა სპორტულ ჟურნალისტს კარლ ჰარერს.


მას მერე, რაც 1933 წელს ნაცისტებმა ძალაუფლება მოიპოვეს, ზებოტენდორფმა გამოაქვეყნა წიგნი სენსაციური სახელწოდებით "სანამ მოვიდოდა ჰიტლერი: ნაცისტური მოძრაობის პირველი წლები". წიგნმა ჰიტლერის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და ის აკრძალეს, ავტორი დააპატიმრეს, მაგრამ მან მოახერხა  გაქცევა სტამბულში. წიგნი დაწვრილებით მოგვითხრობს ავტორის მოღვაწეობაზე ბავარიაში ომისა და რევოლუციის დროს. 

პირველ რიგში, ჰიტლერმა სწორედ ტულეს წევრებს მიმართა. მომავალი ფიურერის ჯარის შემადგენლობაში იყვნენ ტულეს წევრებიც. ამ გერმანული ოკულტური და პოლიტიკური საიდუმლო საზოგადოების ყველაზე ცნობილი წევრები იყვნენ: რუდოლფ ჰესი, ართურ როზენბერგი, მოარული ხმების მიხედვით, თავად ადოლფ ჰიტლერიც.

მალევე ჰიტლერმა მოახერხა თავის რიგებში გადაებირებინა საზოგადოების საჭირო წევრები. რის შემდეგ ეს ორგანიზაცია  აღარ სჭირდებოდა, მოხდა განხეთქილება. ზებოტენდორფმა დაკარგა მომხრეები, შეეცადა მის შენარჩუნებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ის იძულებული გახდა დაეტოვებინა მის მიერ შექმნილი საზოგადოება. ხანმოკლე არსებობის მიუხედავად პირველად სწორედ ტულემ მოახდინა "არიული რასის" იდეის უპირატესობის ფორმულირება და მანვე გამოკვეთა რიტორიკა, რომელსაც თავად ადოლფ ჰიტლერი უჭერდა მხარს.


                         



No comments:

Post a Comment