Thursday, 12 September 2019

ნეფ-ოფ ჰაუერი, უცნაური მეგალითური დასახლება შოტლანდიაში (ორკნეის კუნძულები_ნაწილი II )


უკანასკნელი არქეოლოგიური გათხრების საფუძველზე, სპეციალისტებს საშულება მიეცა ორკნეის კუნძულების ბინადართა მიახლოებითი გარეგნობა აღედგინათ. ორკნეელებს ჰქონდათ კოხტა სხეული და მუქი ფერის თმა. ვარაუდობენ, რომ ისინი განსხვავდებოდნენ ჩრდ. ბრიტანეთში მცხოვრებ იბერთაგან, ვინაიდან მათ თავის ქალა უფრო განიერი და მრგვალი ჰქონდათ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ ორი განსხვავებული ტომის კავშირის შედეგი უნდა ყოფილიყვნენ პიქტები. თუკი ანტიკური ავტორების გადმოცემებს დავუკავშირებთ მონაცემებს მომცრო ტანის, მუქთმიან პიქტებს, რომლებიც ცხოვრობდნენ შოტლანდიაში-ჰაილენდში, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ეს მოსახლეობა იყო არაინდოევროპული, რაც ისტორიულ ხანაშიც პოულობს დადასტურებას. ცნობილია, რომ ირლანდიელებს თავის გადმოცემებში შემონახული აქვთ ლეგენდები ჩრდილოეთის კუნძულებზე, რომლის ბინადარნი იყვნენ ტუატა დე დანაანის-ქალღმერთ დანუს ტომები. ისინი გამოირჩეოდნენ სიბრძნით, ტანით მომცრონი, მაგრამ იყვნენ მარადიულად ახალგაზრდა და მშვენიერი. ხალხს მართავდნენ მეცნირებისა და ჯადოქრობის დახმარებით. მათი მმართველობის ხანას ირლანდიაში თვლიან ოქროს საუკუნედ. ტუატა დე დანანის ხალხი გაყარა ზღვიდან მოსულმა ხალხმა. ამიტომ ისინი გადავიდნენ მიწისქვეშა სამყაროში, სადაც მათ მარადიული ცხოვრება ელოდათ. გადმოცემით, ეს ხალხი ცხოვრობდა გამოქვაბულებსა და ჯადოსნურ ყორღანებში.

სკანდინავიური ეპოსები მოგვითხრობენ, რომ ადამიანის გაჩენამდე დედამიწაზე ცხოვრობდნენ გოლიათები და ქონდრისკაცები. შესაძლოა ქონდრისკაცთა საცხოვრებელი არეალი ვრცელდებოდა ციმბირის არქტიკულ სანაპირომდე. ორკნეის კუნძულებზე ყველაფერი მინიატურული ზომისაა-საწოლიდან დაწყებული, კარის ღიობითა და ჭერით დასრულებული. ყველაფერი გათვლილი იყო ერთ მეტრამდე ადამინის ზომაზე. ირლანდიური და შოტლანდიური მითების ზღაპრულ პერსონაჟ ელფებს თავისი
პროტოტიპები ჰყოლია სიდების სახით, ანუ "გორაკის ხალხი" ("სიდ" ნიშნავს გორაკს).

ეს გახლავთ მათ მიერ აგებული ყორღანი ნეფ-ოფ ჰაუერის დასახლებაში.


გათხრების დროს ნივთები თავის ადგილზე იმყოფებოდა. ისეთი შთბეჭდილება
იქმნებოდა, რომ აქაურობის პატრონნი უცბად გაქრნენ. დასახლებაზე თავდასხმის კვალი არ აღმოჩნდა, ნივთებიც ხელუხლებელი იყო. მკვლევართა ნაწილის აზრით, ორკნეის კუნძულები ერთადერთი ადგილი და მტიკცებულება არ გახლავთ ქონდრისკაცების არსებობისა. სხვაგანაც ნაპოვნია მსგავსი დასახლება.

თითქმის ყველა ქვეყნისა და ხალხის ფოლკლორში აღმოაჩენთ ისტორიებს მიწისქვეშა
თუ ტყის პატარა ბინადრებზე. ევროპაში მათ გნომები ერქვათ, რომლებიც ცხოვრობდნენ მიწისქვეშ და იცავდნენ აურაცხელ განძს.

ინდონეზიის კუნძულ ფლორესის მცხოვრებნი თაობიდან თაობას გადასცემენ ამბავს
იდუმალ იბუ-გოგოზე, რომელიც სისხლისმელი არსებაა და წელში მოკაკვული დადის.
მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ იბუ-გოგო უნდა ყოფილიყო მაკაკას პროტოტიპი,
მაგრამ მას ამ როლზე გაუჩნდა ნამდვილი კანდიდატურა. ლიან ბუას გამოქვაბულში
ჩატარებული გათხრების დროს, მკვლევარებმა აღმოაჩინეს კარგად შენახული უძველესი ადამიანის ჩონჩხი, რომლის სიმაღლე ერთ მეტრამდე თუ იქნებოდა. აღმოჩენილ ჰომინიდს უწოდეს ''ჰობიტი''. ამ მონაპოვორმა შესძრა სამეცნიერო წრეები.



ამგვარი ფაქტი ახსნეს იმით, რომ ცხოვლებს გააჩნია უნარი შეეგუონ არასაკმარის
საკვებს, რის შემდეგ ზომას იცვლიან. ამ შემთხვევაში საქმე გვქონდა ადამიანთან, რაც პირველად იქნა აღმოჩენილი.

შესაძლოა, ასეთივე მდგომარეობასთან გვქონდა საქმე ორკნეის კუნძულებზეც. მაგრამ ისიც ხომ ცნობილია, რომ სახლის დაბალი ჭერი, დაბალი კარის ღიობი, პატარა სარკმელი დამახასიათებელია სტეპური საცხოვრებლისთვის, რაც ქარიანი ამინდის დროს და მკაცრ ზამთარში სითბოს შესანარჩუნებლადაა მოსახერხებელი. 

რადიონახშირბადის ანალიზით დადგინდა ამ დასახლების ასაკი. აქ დასახლება გაჩნდა ჩვ.წ-მდე 3500-3100 წლის შუალედში. ანუ ეს დასახლება სკარა-ბეიზე უფრო ადრინდელი უნდა იყოს. ეს გახლავთ ჩრდ. ევროპაში ყველაზე ადრინდელი ქვის სახლები. აქაც კარის ღიობი ძალზედ დაბალია. შენობებს გარშემო ნაგავი ჰქონდა შემოყრილი, რაც მათი დაცვის ფუნქციას ასრულებდა. სახლები უსარკმელო იყო. სინათლე შედიოდა საკვამურიდან.




სახლები სანაპიროსთან ახლოს იდგა. შემორჩენილია ოთახების გამყოფი კედლები, საწოლები და თაროები. ზოგიერთი მკვლევარი ამ ნაგებობებს საკულტო დანიშნულებას ანიჭებს. მათი აზრით, გაურკვეველია ატლანტიკის სანაპიროს ნეოლითის მოსახლეობის კულტის სპეციფიკა. შესაძლოა ხელდასმულთა ჯგუფს ევალებოდა ნავებით ქარიშხალში ამ ადგილებისკენ გამგზავრება(ნავით საფრთხის შემცველი მგზავრობა ითვლება ინიციაციურ გამოცდად). იქნებ ესაა ახსნა ძველი გადმოცემებისა ტუატაზე და მის მიმართ ანატაგონისტურად განწყობილ ფომორებზე. საერთო ჯამში, მეგალითური ტრადიცია, სავარაუდოდ,წარმოადგენდა წინაპრების კულტის აშკარა გამოვლინებას.



No comments:

Post a Comment