გერმანელთა წარმოდგენით სამყარო განთავსებული იყო სამყაროს ხეზე-იგდრასილზე: აზგარდი (ზეციური), მიდგარდი (მიწიერი) და ნიფლეიმი(მიცვალებულთა საუფლო). სამყაროს ხის ტოტებზე განთავსებულია დამატებითი ქვეყნები. ასე მაგ: აზებთან დაპირისპირებული ვანები ცხოვრობენ ვანაჰეიმში, რომელიც მდებარეობს აზგარდისა და მიდგარდის დასავლეთით. მითებში ზემოთ ხსენებული აზები არიან ''კეთილი საწყისის მატარებელნი''. მათგან განსხვავებით, ვანები-ბოროტი საწყისის მატარებელნი, რომელთა ძალაუფლება სკანდინავებზე და გერმანელებზე დაამხო აზების მეფე ოდინმა. ამგვარად, მითების მიხედვით აზგარდი მდებარეობდა კავკასიაში. ნუ დავივიწყებთ, რომ აზგარდი ღმერთების საუფლოა. ის სამყაროს ხეზე ზემოთაა განთავსებული. შუა საუკუნეების გერმანელი ქრონისტი საქსონი ამტკიცებს, რომ ვიკინგების სამშობლო უძველეს დროს იყო კავკასიაში. ჰეირდალიც ეყრდნობოდა საგა ''ედას'', როდესაც ძველი გერმანელების კვალის ძიება კავკასიაში წამოიწყო. მისი ოცნება ოდინ-ვოდანის პროტო სამშობლოს პოვნა გახლდათ. სავარაუდოდ, კოლხეთში უნდა ეარსება ოდინის მისტერიულ ცენტრს. მეგრულ მითოლოგიაში ოდი არის ძველ კოლხურ ღმერთთა პანთეონის წარმომადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უძველესი ღვთაება. ის ხვავის, ბარაქის, ჭირნახულის, მიწის ნაყოფიერების მომცემი ღმერთი იყო. ამ ღვთაების გარეგნობა ვერძს უკავშირდება, როგორც ვერძის სახის და ადამიანის ტანის მქონე ან მთლიანად ანთროპომორფული, მაგრამ ვერძის რქებით. ის არის უძველესი მიწათმოქმედი ხალხის - პროტოქართველთა მიწის დიდი ღვთაება. ქართულ ფოლკლორში შემორჩენილი გვაქვს წარმართული ღვთაებისადმი მიძღვნილი ჰიმნი''ოდოია". სახელი "ოდი" ან "ოდო" წინარექართული ენისგანაა წარმომდგარი. სავარაუდოდ, ოდიშის სამთავროს სახელწოდებაც აქედან იღებდეს სათავეს. ქართველურ ენებში, მაგალითად ქართულში გვაქვს: "ოდოში", "დაოდვილი", "დაოდვა". სვანურ სიმღერა "ოდიჰეაში" - "შაი ოდი შამორერა", ასევე ამავე ღმერთს - ოდის უკავშირდება კახური სიმღერა "ოდური", რომელიც როგორც სამეგრელოსა და სვანეთში, ასევე კახეთშიც სრულდებოდა ღვთაების გულის მოსაგებად.
''ბრიტანეთის მეფეთა ისტორიის'' მიხედვით, ბრიტანეთში ადრე სახლობდნენ გოლიათები. მათ მეთაურს ერქვა გოემაგოგი. ''ბრიტებმა'', რომლებიც რომის დამაარსებელ ტროელთა მემკვიდრეებად ითვლებიან, გაანადგურეს გოლიათები და საფუძველი ჩაუყარეს ''ბრიტანულ ტრადიციას''. გოემაგოგი ბიბლიური გოგისა და მაგოგის ეკვივალენტურია. გოგი და მაგოგი-დემონიური ურდოები (მათი შემოსევაც კავკასიასთანაა დაკავშირებული) ზემოთ ნახსენები სტიქიის არსებები არიან. მათ აზები,''ედემის ღვთიური გმირები'', კედლით გადაუღობავენ გზას დასაბამი ცენტრისკენ.
საუბარია ასევე მეორე ხალხზეც, ვინც ასევე მითის პერსონაჟებად გვევლინება. ესენი არიან ვანები. ვანებს უნდა ეცხოვრათ კავკასიის მთებსა და დონს შუა. აზებსა და ვანებს შორის კარგა ხანს მიმდინარეობდა შუღლი. საბოლოოდ ისინი შერიგდნენ. შერიგების დროს გაცვალეს მძევლები-ტომის გამოჩენილი წევრები. ვანების მძევალი იყო ნიერდი და მისი ორი შვილი ფრეი და ფრეა. ავტორს მიაჩნია, რომ ამ მოვლენას ადგილი უნდა ჰქონებოდა ჩვ.წ-მდე 1100 წელს. ჯერვინგის აზრით, ცნობილი ვანები უნდა იყვნენ სვანები. სვანების მიწა ესაზღვრებოდა ამორძალებს. სვანები ძლიერნი და მდიდარნი იყვნენ, ვინაიდან ყაჩაღებისგან ბუნებრივად იყვნენ დაცულნი. ისინი ნაყოფიერ მიწებზე ცხოვრობდნენ და ტყეებით იყვნენ გარშემორტყმული. ფლობდნენ სპილენძის გამოდნობის ხელოვნებას და მათ მიერ დამზადებული სპილენძი ისეთივე მყარი იყო, როგორც ბრინჯაო. მკვლევარის აზრით, ათასი წლით ადრე სვანთა ბრინჯაო დომინირებდა მთელ კავკასიის რეგიონში, რომელსაც იყენებდნენ იარაღის, ხელსაწყოებისა და სამკაულების დასამზადებლად.
სვანების კულტურა იყო მატრიარქალური და მემკვიდრეობითობა გადადიოდა ქალის ხაზით, რაც მთავარი დამახასიათებელი ნიშანია პროტოიბერთათვის. ისინი თაყვანს სცემდნენ დედა-ქალღმერთს. მათ კულტურაში ნაყოფიერების სიმბოლოა ხარის რქები (ისევე, როგორც მთელ ხმელთაშუა ზღვის აუზში). ყველა ეს კულტურული და რელიგიური გასაღები საერთოს პოულობს დანიასა და შვედეთში აღმოჩენილ არქეოლოგიურ მონაპოვართან, რომელიც 2000 წლის წინარე ხანას განეკუთვნება. ვანების სახით მითებში სწორედ სვანებზეა საუბარი, ვინაიდან მათ გარდა, შეუძლებელია ამ ტერიტორიაზე სხვას ეცხოვრა. ჯერვინგის აზრით, გადარჩენილ ტროელთაგან ერთი ნაწილი გადავიდა აპენინის ნახევარკუნძულზე, ხოლო მეორე ნაწილი დუნაისთან ახლოს დასახლდა. იმ ტერიტორიას, სადაც დონი ჩაედინება აზოვის ზღვაში, ეწოდება Vanakvisi-Vanaland (ვანთა მიწა) ან ვანაჰეიმი-ვანთა სახლი. მის აღმოსავლეთით მდებარე მიწას ეწოდებოდა Asaland (აზთა მიწა) ან Asaheim(აზთა სახლი). მათ მთავარ ციხესიმაგრეს ერქვა აზგარდი.
ადრე სკანდინავიელები ეთაყვანებოდნენ ქალღმერთებს, რაც დასტურდება არქეოლოგიური მონაპოვრებით. ტაციტუსს ნახსენები ჰყავს ფრეია და ნერთუსი. სვანებისთვის ყველაზე პატივსაცემი ქალღმერთია: ითრუჯანი, დანანა და აინანა. ამას გარდა, ისინი თაყვანს სცემდნენ წყვილ ღმერთს გა-ს და გათს, რომელსაც უძველეს დედა-ქალღმერთად მიიჩნევდნენ, გას კი მის ვაჟიშვილად თვლიდნენ. ისევე, როგორც გეა და ურანოსი, კიბელე და დიონისე. არსებული სამი ქალღმერთი წარმოადგენს მცირე აზიური ქალღმერთების: იშთარი, ანაითი და დიანას ადგილობრივ ვარიაციებს, რომლებიც მოიცავდნენ ნაყოფიერების, სიყვარულის და ომის ასპექტებს. დანანა ცნობილი იყო როგორც დანაია ან დანა, შუმერულ ქალღმერთ ბელილის ქალიშვილი-სავარაუდოდ, ადრეული ფორმა-პერსევსის დედა. ამ სამივე ქალღმერთის ასპექტი ჩნდება ფრეას ისტორიაში. "ფრეა" ქალბატონს ნიშნავს.
ავტორის აზრით, კავკასიელი სვანები 2000 წლის წინ ჩავიდნენ დანიაში. მათ უწოდებდნენ დანერს, ვინაიდან ისინი თაყვანს სცემდნენ ქალღმერთ დანეს. სახელი ფრეია იყო მათი სახელი, ვინაიდან ქალბატონის მნიშვნელობით ხმარობდნენ, ან სახელწოდებას იყენებდნენ უზანაეს ქალი-ქურუმის მიმართ. ქურუმი ქალები აგრძელებდნენ ძველ პრაქტიკას-''სატაძრო პროსტიტუციას'', რაც საერთო გახლდათ მცირე აზიური ქალღმერთის რელიგიებში. ისინი იცავდნენ დინასტიურ და საქორწინო წეს-ჩვეულებას, სადაც მემკვიდრეობა გადადიოდა ქალის ხაზით.
ერთ-ერთი საგის(Yanglige saga) მიხედვით, სამი ვანი: ნიერდი, ფრეი და ფრეია, ისევე როგორც ოდინი და აზარი ჩვეულბრივი მოკვდავნი არიან. ჯერვინგის აზრით ''ოდინის'' წაკითხვა შესაძლებელია, როგორც ''ო დონი'', რაც ნიშნავს ''დიდ მამას''-კავკასიური ენის ერთ-ერთ დიალექტზე. მისი აზრით, ''ოდინი'' შესაძლოა იყო მემკვიდრეობითი ტიტული.
ფრეა გახლავთ მხოლოდ ნორვეგიული ქალღმერთი, რომელიც ვალჰალას ღმერთების თანასწორია. მცირე აზიურ რელიგიებს თუკი გადავავლებთ თვალს, თვალსაჩინო გახდება, რომ სხვადასხვა ფუნქციებს შორის, მთავარი ფრეასთვის სექსუალობაა. ამ რელიგიის უზენაესი ქურუმი ქალები იყვნენ ნაყოფიერების განმასახიერებელნი,რომლებიც აღასრულებდნენ რელიგიის მსახურ მამაკაცთან შერწყმას საკურთხეველთან. ეს რიტუალი ტარდებოდა გაზაფხულობით. ამგვარი შერწყმის რიტუალის აღწერა გვხვდება შუმერულ ქალაქ ერექში. 5000 წლის წინანდელ თიხის ფილებზე აღწერილია როგორ გაანაყოფიერა ინანამ და მისმა მეორე ნახევარმა დუმუზმა მიწა რიტუალური შერწყმით. მსგავსი ტექსტი ნაპოვნია კრეტაზეც, რომელიც თარიღდება 3500 წლით. ასეთ შერწყმას ღვთაებასა და ჩვეულებრივ მოკვდავს შორის ეწოდება ''წმინდა ქორწინება''.
სტეინ ჯერვინგი ოდინს მიიჩნევს ტროის უფლისწულად, რომელიც გახდა აზარების მმართველი, მეფე-უზენაესი ღვთაება მითიური აზგარდისა. შემორჩენილი წყაროებით დგინდება, რომ ოდინი იყო ისტორიული პიროვნება. "Yanglig saga" მოგვითხრობს მეფეთა საგვარეულო ნუსხაზე (გენეალოგიაზე). სკანდინავიური მითოლოგიიდან ნიერდი ცნობილია, როგორც ვანთა უხუცესი და ოდინის მემკვიდრე. ის დაქორწინდა საკუთარ დაზე ნერტუსზე, რომლისგანაც ეყოლა ფრეა და ფრეი. აზებისგან მან მიიღო ტაბუ ინცესტზე, ამიტომ სხვა ქალზე დაქორწინება გადაწყვიტა, რომელიც ითვლებოდა ჯადოქრად. ღვთიური ასპექტის ნიერდი იყო ზღვათა, ნავიგაციისა და სიუხვის ღმერთი, რითაც ის ამჟღავნებს კავშირს რომაელ ნეპტუნთან, ან ეტრუსკულ ნეთუსთან (Nethus).
ოდინი უზენაესი ღვთაების სიმბოლოა. ის არ ჩანს ყოვლისშემძლე. ზოგიერთ საგაში აღწერილია როგორც გამოცდილი მაგი. მას ეკუთვნის დამწერლობა. იცის პოეზიის მაგიური დანიშნულებით გამოყენება. ოდინი თავის ცოდნასა და ხელოვნებას გადასცემდა ქურუმ ქალებს. საგებიდან ირკვევა, რომ აზგარდში არსებობდა განსაკუთრებული ბორცვი ანუ წმინდა მთა, სადაც ქურუმი ქალები ატარებდნენ თავის რიტუალებს. რეალურ ცხოვრებაშიც ასე ხდებოდა. გორაკები ატარებდა რომელიმე ქალღმერთის სახელს, სადაც ატარებდნენ რელიგიურ წეს-ჩვეულებებს. მსგავსი რიტუალები გავრცელებული იყო სკანდინავიაშიც. ადრეულმა ქრსიტიანმა მმართველებმა კონკრეტული კანონებიც კი შემოიღეს, რომელიც კრძალავდა წარმართული ღვთაებების თაყვანისცემას გორაკების მწვერვალზე.
No comments:
Post a Comment