Thursday, 12 September 2019

მონტე დ'აკოდი_სარდინიული ზიქურათი



კუნძულ სარდინიაზე კიდევ ერთი მეგალითური ძეგლი, მონტე დ'აკოდის სახელით ცნობილი საკულტო ნაგებობა არსებობს. მას ზიქურათის ფორმა აქვს. ეს ძეგლი 1954 წელს აღმოაჩინეს და მიაკუთვნებენ ოციერის კულტურას, რომელიც ნურაგების კულტურამდე არსებობდა სარდინიაზე. ზიქურათი ნახევრად დანგრეულია.

მონტე დ'აკოდს არ გააჩნია ანალოგი არა მარტო სარდინიაზე, არამედ მთელ ხმელთაშუა ზღვისპირეთში. ზიქურათი უნიკალური და ამავე დროს, ერთადერთი პირამიდაა სარდინიაზე. პირამიდა აგებულია პლატფორმებად. აქვეა მინგირი (სვეტად მდგარი ქვა), დოლმენი და ქვის სფერო. მონტე დ'აკოდი ნიშნავს ''ქვის მთას''. მთავარი სტრუქტურა გარეგნულად მოგვაგონებს შუამდინარულ ზიქურათს. ზიქურათი, როგორც ფიქრობენ, წარმოადგენს სატაძრო კოშკს კიბეებით-მიმდევრობით ან სპირალურად, რაც მთის წვერის სიმბოლოს წარმოადგენს, სადაც ცხოვრობდნენ ღმერთები, ხოლო დედამიწა ცას აქ უერთდება.


   



ზიქურათი წარმოადგენს კოსმიურ ღერძს, ხიდს ცასა და დედამიწას შორის. ძველი ეგვიპტური პირამიდებისგან განსხვავებით, ზიქურათის თავზე მდებარეობდა ტაძარი (ისევე როგორც მექსიკურ პირამიდებზე). ამიტომ მონტ ე დ'აკოდს უფრო მეტი მსგავსება აქვს შუამდინარეთის ზიქურათთან.

აქვეა დოლმენი, რომელიც იმით განსხვავდება სხვა ანალოგებისგან , რომ მას ზედაპირზე
ღრმულები აქვს-პატარა ''გვირაბები'', რომელიც წვერიდან ეშვება გვერდებისკენ.



პირამიდასთან დაკავშირებით არქეოლოგები ფიქრობენ, რომ მწვერვალის პარალელურად მიწის ზედაპირის დონეზე არის ''გამოქვაბული'', რაზედაც აიგო მთელი შენობა,  გამოქვაბული ხელოვნური უნდა იყოს და სავარაუდოდ, იმეორებს ეგვიპტის დიდი პირამიდის სქემას. თუმც ეგვიპტური პირამიდა აგებულია ბუნებრივ გამოქვაბულზე.

სარდინიის კულტურა ათასობით წლისაა. შესაძლოა პირამიდა დაკავშირებული იყოს მიცვალებულის კულტთან. თუ ეს ასეა, სავარაუდოდ ამიტომ დგას მხოლოდ ერთი პირამიდა კუნძულზე. რატომ ჰგავს ის ასე ძალიან ზიქურათს? ეს ბადებს ვარაუდს-მიგრანტები მოვიდნენ აქ  და საკუთარი ტრადიციით მოისურვეს დაკრძალვა. ნაგებობა დათარიღებულია 2450-1850 წწ.ჩვ. წ.აღ--მდე. თუმც აქ აღმოჩენილი სამი არტეფაქტის რადიონახშირბადის ანალიზმა აჩვენა 2590 წ. ჩვ.წ.აღ-მდე.

სარდინიაზე იმ დროს საზოგადოება იმყოფებოდა სპილენძის საუკუნეში. სავარაუდოდ არსებული ნაგებობა დაშენებულია ძველზე-იდენტურზე, მაგრამ უფრო მომცროზე. ცნობილია, რომ აქ დასახლება უკვე არსებობდა ჩვ.წ. აღ-მდე 4200 წ. თავად ქვა დათარიღებულია 3500 წ. ჩვ. წ. აღ-მდე. ინტერესს არაა მოკლებული პირამიდის პირველი ფაზა, რომელიც განეკუთვნება 3020-2970 წწ. ჩვ.წ. აღ-მდე, მიახლოებით 3000 წ.ჩვ.წ. აღ-მდე, 400 წლით ადრე, ვიდრე ეგვიპტის პირამიდების აგების თარიღია.

მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ საქარაში აგებული საფეხურებიანი პირამიდა 2630 წ.ჩვ. წ. აღ.-მდეა აგებული. მონტედ'აკოდში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილია თასი მოცეკვავე ქალების გამოსახულებით. ცნობილ არქეოლოგი მარია გიმბუტასის აზრით  პლატფორმაზე სრულდებოდა რიტუალური ცეკვა.პლატფორმა და არა პირამიდა წარმოადგენდა ისტორიამდელ სამსხვერპლოს, რომელიც გამოიყენებოდა გარდასახვისა და ზეცაში ამაღლებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდაცვლილს ამზეურებდნენ პლატფორმაზე ნადირ-ფრინველს შესაჭმელად. ასეთი პრაქტიკა კი ცნობილია ახლო აღმოსავლეთში და სხვა კულტურებში.


პირამიდასთან ახლოს დევს კვერცხის ფორმის ქვა. ზოგი არქეოლოგი მას უწოდებს
ომფალოსს (დელფოს სამისნოში არსებული ქვის მსგავსად). როგორც ცნობილია, ქვა
ომფალოსი იდება ''სამყაროს ცენტრისა'' ანუ ცისა და მიწის შეერთების ადგილზე.
ორმოცწლიანი გათხრების მიუხედავად, ისევ გაურკვეველია რას წარმოადგენდა მონტე
დ'აკოდი.






No comments:

Post a Comment